“წარმოუდგენელია ამის გავლა კიდევ ერთხელ შევძლო” - მითხრა გურამ წიბახაშვილმა, როდესაც მის არქივში 1990-იანი წლების ამსახველ აურაცხელი რაოდენობის ფოტოებს ვათვალიერებდით. გურამს ფოტოები წლების მიხედვით აქვს დახარისხებული. ყველა ფოტო ორ, ან ხანდახან უფრო მეტ განსხვავებულ ამბავს ყვება: იმას რასაც ვხედავთ და იმას რასაც ვგრძნობთ, როდესაც უახლესი წარსულის ეპიზოდები გვახსენდება.
საქართველოში თავისუფლება დემონსტრაციებით, დარბეული მიტინგებით, სამოქალაქო ომით, კრიმინალური გარჩევებით, ეთნიკური კონფლიქტებით, შიმშილით და უშუქობით დაიწყო. თუმცა თავისუფლებამ ასევე მოიტანა ძალიან საინტერესო პროცესები ხელოვნებაში. წიბახაც ამ პროცესის მონაწილე იყო, ის შიგნიდან იცნობდა სხვადასხვა ხელოვანთა მოძრაობას, მეგობრობდა მათთან და გამუდმებით იღებდა. მისი კამერა თითქოს დამატებითი თვალია, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მოძრაობას აფიქსირებს და ინახავს. ქვეყანაში სადაც ხშირად ისტორიას პათეტიკური და ნაციონალისტური ელფერი დაჰკრავს, ეს არქივი ყველაზე ძვირფასი წყაროა გასახსენებლად და დასაფიქრებლად.