ყველაზე მეტად ბავშვობის მეხსიერების აღდგენა მაინტერესებს. ამისთვის თითქმის ყველა ხერხს მივმართავ. ცოტა ხნის წინ ფრაგმენტულად შემორჩენული მოგონებების გახსენება VHS-ის ვიდეოკასეტების გაციფრულებით გადავწყვიტე. VHS-ების დიდი დასტა მაგიდაზე მეწყო, ზოგს გადახვევით, ზოგს კი თავიდან ბოლომდე ვნახულობდი. რამდენიმე დღის განმავლობაში ვუყურებდი იატაკქვეშეთში რუსულად გახმოვანებულ ფილმებს, საოჯახო ვიდეოებსა და MTV-დან ჩაწერილ მუსიკალურ კლიპებს. კასეტების ყურებისას მეხსიერებიდან თითქმის საერთოდ გამქრალი დღეებიც კი ამომიტივტივდა. წარსულთან ამ უცნაური კომუნიკაციისას ერთ მნიშვნელოვან კასეტას წავაწყდი. სწორედ ეს დაზიანებული მაგნიტური ფირი გამოვიყენე ჩემი ექსპერიმენტული ვიდეოს შესაქმნელად.