საქართველოს უახლესი ისტორია პროტესტის ისტორიაა, მათ შორის ინდივიდუალური პროტესტის. იმ დროსაც კი, როდესაც აზრის გამოთქმა ძნელად წარმოსადგენი გვეჩვენებოდა, ადამიანები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას სისტემის, ძალაუფლების და რეჟიმების წინააღმდეგ, მათ შორის მარტოც. როდესაც ამ გამოცემისთვის ვემზადებოდი, მეგობრებს და ნაცნობებს მათ მეხსიერებასა და აუდიო/ვიდეო მატარებლებზე შემორჩენილი ინდივიდუალური პროტესტის მაგალითების გახსენება ვთხოვე, ჩამონათვალს რომ გადავხედე და ინფორმაციის მოძიება დავიწყე, კიდევ უფრო გამიმძაფრდა წრეზე ტრიალის განცდა. ის ვინც ერთ დროს სისტემის წინააღმდეგ იბრძვის ხშირად ახალ სისტემას ემორჩილება და ესე უსასრულოდ, ზოგიერთ შემთხვევაში კი კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ ჩვენში გაჩენილი სასოწარკვეთილი პროტესტი იშვიათად თუ ცვლის რამეს, რადგან ხშირად, ჩვენს აღქმაში მხოლოდ მითოლოგიზირებულ საქციელად რჩება. რაღაც დროს ყველას გვავიწყდება, რომ ინდივიდუალური პროტესტი სასოწარკვეთილი ადამიანების ხმაა, რომლებიც ისტორიას, პროცესებისგან და კონტექსტისგან განცალკევებულად, მხოლოდ როგორც გმირები ისე ამახსოვრდებიან. ბერი გაბრიელ ურგებაძის (მამა გაბრიელ სალოსი) პროტესტზე არასოდეს მსმენოდა, თუმცა დავინტერესდი რანაირად იყო შესაძლებელი 1965 წელს, 1 მაისის აღლუმზე, ლენინის 12 მეტრიანი პლაკატის დაწვა. სიმართლისშემდგომ ეპოქაში ინტერნეტის ნდობა რთულია, ბერის ვიკიპედიაც, სადაც მასზე ყველაზე მეტი ინფორმაციაა, სავარაუდოდ მისი მრევლის შედგენილია. კიდევ უფრო მეტი კვლევისას, სასულიერო პირის აუდიოსაც მივაკვლიე, სადაც თვითონვე იხსენებს პლაკატის დაწვის ამბავს. როდესაც ეს ჩანაწერი მოვისმინე, წარმოუდგენელი მეჩვენა მისი გამოუყენებლობა, რადგან ის დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტზე უფრო მნიშვნელოვან ამბავს ყვებოდა. რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცოდი, რომ 1965 წლის 1 მაისის დემონსტრაციის პროპაგანდისტულ ვიდეოში პლაკატის დაწვის კადრები არ იქნებოდა, თუმცა ეს ხმაც და საპირველმაისო ფილმიც, ამ ვიდეოს მთავარ შთაგონებად იქცა. სიმართლე, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემი კვლევის ინტერესს არ წარმოადგენს, ალბათ კინოჟურნალს, სალოსის მოყოლილ ამბავსა და მისივე მრევლის მიერ შექმნილ ვიკიპედიის გვერდს შორისაა, ან მის მიღმა.
ბერი გაბრიელის კომუნიზმის ბელადებთან ბრძოლის ამბავმა, ის სისტემა გამახსენა, რომელსაც თვითონ ემსახურებოდა როგორც სასულიერო პირი, ინდივიდუალური პროტესტზე ფიქრმა კი ბასილ კობახიძის 2009 წლის კადრები ამოატივტივა, რომელშიც ის წმინდა სინოდს ანტიქრისტიანულ გადაწყვეტილებებში ადანაშაულებს და ანაფორას პირდაპირ ეთერში იხდის. ამ კონკრეტული ვიდეოს ავთენტურობა ნაკლებ კითხვებს აჩენს, თუმცა 10 წლის შემდეგ ისევ გვახსენებს, რა “სკანდალით” შეიძლება დასრულდეს მსგავსი წინააღმდეგობა.
მასალის კვლევისას ორი ქალის სახელიც გამოიკვეთა: ნაზი შამანაური და კლარა შუკვანი. ნაზი შამანაურზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ დისიდენტი ჟურნალისტი იყო, რომელიც ანტიკომუნისტური აქტივობის გამო ფსიქიატრიულში გამოკეტეს, აწამეს და მოკლეს, თუმცა არქივების დამუშავებისას ბევრი დეტალი აღმოვაჩინე, რომელიც, რა თქმა უნდა, არ უკარგავს შამანაურს მნიშვნელობას ისტორიულ კონტექსტში, თუმცა სხვა უფრო საინტერესო ასპექტზე მიუთითებს: როგორ იყენებს ახალი იდეოლოგია “წამებული ქალის” სახეს, როგორ იქსოვება და იქმნება ქალის ბიოგრაფია იქიდან გამომდინარე თუ რის თქმას ითხოვს დრო. კომუნისტური რეჟიმისთვის შამანაური “გიჟია”, ეროვნულ -პატრიოტული მოძრაობისთვის კი “დისიდენტი” ანუ “გმირი”, სინამდვილეში კი , მისი ბიოგრაფია ყველაზე კარგად მის მიერ გამოქვეყნებულ ორ წერილში იკითხება.
ნაზი შამანაური ფსიქიატრიულში გამოკეტილი ტრაგიკული ქალია, კლარა შუკვანი კი ხულიგნობაში ბრალდებული “ოდიოზური” ფიგურა, რომელიც ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ იბრძოდა, მას პლაკატზე დაწერილი სიტყვა “ხმარების” და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 1 წლით პატიმრობა, სასჯელის ქალთა საერთო რეჟმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით, თუმცა “სასამართლომ გაითვალისწინა ის, რომ შუკვანი “ხასიათდება მეზობლებისგან დადებითად, წარსული შებღალული არა აქვს, არის ქალი, ლტოლვილია აფხაზეთიდან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია” ამასთანავე მხედველობაში მიიღო სახალხო დამცველის შუამდგომლობა, განსასჯელის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდების შესახებ და აღმკვეთი ღონისძიება პირობითი სასჯელით შეუცვალა”. მის კომიკურ იმიჯს და აბსურდულობას იმდროინდელი პრესაც ამძაფრებდა ფოტოსა და სტატიებზე მინაწერებით “კლარა შუკვანი პოლიციელთა სულებისთვის ლოცულობს”, “შუკვანი შევარდნაძეს კამერაში ეპატიჟება” და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა ქალი მეამბოხეების აღქმაშიც: ისინი დღესაც ხშირად “გიჟებად” ან “უზრდელებად” აღიქმებიან, ხმის ამოღების, პროტესტის, წინააღმდეგობის გაწევისას ისევ დაცინვის მთავარი ობიექტები ხდებიან. ინდივიდუალური პროტესტის ისტორიაზე ლაპარაკისას რთულია არ ახსენო ექიმ გია აბესაძის ამბავი - რომელმაც 1991 წელს სამოქალაქო დაპირისპირებისადმი პროტესტის ნიშნად რუსთაველზე დაიწვა თავი და ისევ წრეზე სასოწარკვეთილი ტრიალი არ გაგვახსენდეს. რაც თავი მახსოვს, ეს ქვეყანა სულ მსხვერპლს მოითხოვს და ჩვენც ილუზია გვაქვს რომ “გმირი-მსხვერპლი” განვითარებაში, "სისტემის დანგრევაში" დაგვეხმარება, მსხვერპლს გმირს ვეძახით და ამით არც მათ ვინდობთ, არც ჩვენს თავს და არც ჩვენს მომავალს. სინამდვილეში, ყველა მსხვერპლი ვართ, სისტემის, რეჟიმის ან უბრალოდ ისტორიის სათანადო გადაუაზრებლობის. ამიტომ მუდმივად გვჭირდება გმირები, როგორც საყრდენი და ზუსტად ამის გამო თავს ვიკავებთ ისტორიის ახალი კუთხით დანახვაზე, საარქივო მასალებში ქექვაზე და დასკვნების ჩვენით კეთებაზე. იმას, რომ უახლესი წარსულის გადააზრება და შესაბამისად, მისი მითოლოგიზაცია ისევ პრობლემად რჩება, ისიც ადასტურებს, თუ მოძიების რა რესურსი გვაქვს ონლაინ და საჯარო სივრცეებში, რამდენად მცირეა ზღვარი ნამდვილ და მითოლოგიზებულ ისტორიას შორის, განსაკუთრებით დღეს - სიმართლისშემდგომ ეპოქაში. მიუხედავად გარკვეული კავშირებისა, ჩემს მიერ არჩეული ინდივიდუალური პროტესტის მაგალითების დაჯგუფება მაინც რთული აღმოჩნდა, მათ თითქოს ბევრი საერთოც არც აქვთ ერთმანეთთან, ზოგი გამონაგონ ამბავს გავს, ზოგი კი გუშინდელ საინფორმაციოში გასულ მთავარ ამბებს გაგახსენებთ, ზოგზე კი არქივებსა და ბიბლიოთეკებშიც კი ძალიან მწირი მასალაა. ჩემი კოლაჟური ვიდეოც ამ დაბნეულობას ასახავს; რეალობას და მითს შორის ზღვარის არარსებობას, ერთი მხრივ კავშირის არ ქონას წარსულთან და მეორე მხრივ, წრეზე ტრიალის მუდმივ განცდას, ის არ ეფუძნება რამე დასკვნას, არც სიმართლეს ეძებს და არც გმირებს, ის მხოლოდ ჩემს ფიქრებს და უპასუხოდ დარჩენილ შეგრძნებებს ასახავს ისტორიასთან და სასოწარკვეთილ ხმებთან მიმართებაში.