მიშიკო სულაკაური, თაკო იმნაძე, მსახურება, 2020
ერთის მხრივ, თანამედროვე საზოგადოებაში, ხელოვანსა და მღვდელს, მსგავსი ფუნქცია გააჩნიათ. ორივეს სამუშაო დაკავშირებულია რეალობის გარდაქმნასთან. მღვდელი და ხელოვანი ის ადამიანები არიან, რომლებსაც უხილავის ხილულად ქცევა შეუძლიათ, რასაც თავიანთი პირდაპირი ჩართულობითა და განსაზღვრული ქმედებით აღწევენ. ორივე, ხელოვანი და მღვდელი, სივრცეში რიტუალური ჩარევის მეშვეობით გარკვეულ კომუნას ქმნის. მათ მიერ შემოთავაზებულ ახალ კონტექსტში, შენ, იმ იდუმალი რიტუალის ნაწილი ხდები, რომელსაც ისინი აკონტროლებენ და უპირობოდ ემორჩილები მათ მიერ განსაზღვრულ და შემოთავაზებულ წესებსა თუ პირობებს. ორივე შემთხვევაში, მათი ქმედება ებმის რომელიმე ინსტიტუციას. მათი სტატუსი და ავტორიტეტი განმსაზღვრელი ძალებია იმდენად, რამდენადაც საზოგადოებაში ორივეს გააჩნია უნიკალური ძალა და განსაკუთრებული შესაძლებლობა, რაც საფრთხისშემცველ იდეოლოგიურ იარაღად შეიძლება იქცეს. მათი ძალაუფლებიდან გამომდინარე, არ არიან იძულებულნი, განმარტონ, ან ახსნან - არამედ მხოლოდ მოქმედების ვალდებულება გააჩნიათ. ეს ქმედება კი უპირობო რწმენასთანაა დაკავშირებული და შესაბამისად, გამორიცხულია ამ ქმედების გადასინჯვა.