ხშირად ვფიქრობ იმ ბუზზე, რომელიც შემთხვევით თვითმფრინავში მოხვდა და სხვა ქვეყანაში იმოგზაურა. ბუზების გრძნობების შესახებ ბევრი არაფერი მსმენია: არ ვიცი, შეუძლიათ თუ არა კულტურულ-ესთეტიკური ან კლიმატური შოკი განიცადონ, თუმცა, თუ ამ ერთ ბუზს წარმოვიდგენ ხოლმე - უცებ, უცნობ გარემოში რომ ამოყო თავი, სულ სხვა ქვეყანაში - ცოტა შური მიპყრობს და აღტაცებული ვარ იმით, რომ რაღაცები, როგორც ჩანს, ასეც შეიძლება მოხდეს - შემთხვევითობის წყალობით. ადამიანებისთვის თუ არა, ბუზებისთვის მაინც. ხშირად ვფიქრობ ქართულ ხეებზე, რომლებსაც გემით ზღვაში მოგზაურობა მოუწიათ და ამით მათი ცხოვრება შეიცვალა. მთავარი განსხვავება, ამ ხეებსა და ბუზს შორის: ეს უკანასკნელი შემთხვევითობა არ ყოფილა. იმიტომ ცურავდნენ ზღვაში, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს უნდოდა ასე. თუმცა, ხეებს ხომ ყველაფრის დანახვა შეუძლიათ. ისინი ყველაფერს ისუნთქავენ და ყველაფერს იმახსოვრებენ. მათ ყველაზე გრძელი სიცოცხლე აქვთ - იმ მომენტამდე, სანამ ვინმე გადაწყვეტს, რომ “ზედმეტად ლამაზები” არიან (და საკუთარ ბაღში გადარგვას დაუპირებს), ან “საკმარისად ლამაზები” არ არიან (და თვალთახედვიდან იშორებს). ეს ვიდეო მოგზაურობასა და ხმობაშეპარულ ხეებზეა.