„ღრმა ჭრილობა გრეგორს თვეზე მეტხანს სტანჯავდა. ვაშლის მოძრობა ვერავინ გაბედა, ამიტომ ის სამუდამო სახსოვრად ჩარჩენილიყო გრეგორის სხეულში. ამ ჭრილობამ, როგორც ჩანს, მამაც კი გამოაფხიზლა და შეახსენა, რომ გრეგორი, მისი ახლანდელი ბეჩავი და საზიზღარი გამომეტყველების მიუხედავად, მაინც ოჯახის წევრი იყო, ამიტომ ის მტრად კი არ უნდა შეერაცხათ, არამედვალდებულნი იყვნენ, ეს ზიზღი როგორმე დაეძლიათ და მოთმინება გამოეჩინათ“.
ფრანც კაფკა, გარდასახვა
გასულ ზაფხულს ბერლინში შარლოტენშტრასეზე აღმოჩენილ იქნა დაობებული ბეტონის მტვრით დაფარული და დროისგან ძლიერ დაზიანებული ხოჭოს სხეული.
ცოცხალი ორგანიზმის ნაშთს გასაკვირად კარგად შემონახული მარცხენა თვალი აღმოაჩნდა. ქიმიური პროცესების შედეგად შესაძლებელი გახდა მწერის ბადურაზე აღბეჭდილი ოპტოგრამის დანახვა. მართალია, სიკვდილის წინ ხოჭოს მიერ ნანახი უკანასკნელი კადრი არ არის მკვეთრი, მაგრამ მიღებულ სურათზე მნიშვნელოვანი ფერითი ინფორმაციაა აღბეჭდილი.
რეკონსტრუირებულ სურათზე ნათლად ჩანს მკვეთრი ფერის (ყვითელი, მწვანე ან წითელი) ლაქა…
ეს ნამუშევარი - აღქმის შესახებ - არის კაფკას მეტამორფოზას წარმოსახვითი გაგრძელება. გამოსახულებათა თანმიმდევრობა, რომელიც ორი განსხვავებული ფოტოაპარატითაა გადაღებული, უსასრულო ციკლშია ნაჩვენები. ისინი იმეორებენ ორ განსხვავებულ ხედვას: ადამიანისას (შავ-თეთრად) და მწერისას (ფერადად).
აქ ნაჩვენებია გაუცხოების პროცესი, რომელშიც დაპირისპირებულია შინაგანი და გარეგანი ხედვა – როგორ გარდაიქმნება აღქმა ბარიერად? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს განსხეულებულ პირად ხედვას ადამიანებზე?
ერთმანეთის საპირისპირო ორი აპარატი ერთსა და იმავე მოვლენას, ხილის სახეცვლას აკვირდება. ვაშლი იმ მიტოვებული ბაღებიდანაა, რომლებიც ბორდერიზაციის მავთულხლართებითაა გაყოფილი. ეს ხილი საქართველოში არსებული რეალური კონფლიქტის ზონიდანაა, სადაც ადამიანები მუდმივი ტერორისა და საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. რუსეთის საოკუპაციო ხაზი მუდმივად მოძრაობს და შთანთქავს ტერიტორიებს, საოჯახო ფერმებს, ხეხილის ბაღებს და სახლებს.