არსებულმა ეპიდსიტუაციამ ერთმნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის ცხოვრების რიტმი, რაც საყოველთაო ყოველდღიურობაზეც აისახა. ამის ფონზე ინტერნეტ სივრცე ერთგვარ ხსნად მოგვევლინა, თუმცა ისმის კითხვა შესწევს კი ამ სივრცეს რეალური სივრცის ჩანაცვლება? თითქოს გამოკეტვის რეჟიმმა ადამიანი აიძულა მორგებოდა კიბერ სივრცეს სადაც იშლება ზღვარი ლიმიტსა და შესაძლებლობებს შორის. ეს განსაკუთრებით გამძაფრდა იმ პირებისთვის ვის საქმიანობა უშუალო შეხებაში მოდის ფიზიკურ მატერიასთან. ”სად ვარ? სრული წრე აღწერს სინამდვილეს?” ავტორის მიზანმიმართული გეომეტრიული, სივრცითი და აღქმის პერსპექტივებით მანიპულაციაა, სადაც ის ცდილობს შექმნას ილუზიის შრე წარმოსახვით განზომილებაში. ეს არის სრული სივრცის იმიტაცია ვირტუალურ სივრცეში, რომელიც სრულყოფილი ვერასდროს იქნება. ნამუშევრის მთავარი სტრუქტურა წარმოსახვითი საგამოფენო სივრცის მაკეტია. ოთახის მოდელი ოპტიკური და გეომეტრიული გამოთვლებით სპეციალურად დამახინჯებულია, რომ სრული წრე, 360 გრადუსი, ადამიანის ხედვის კუთხეში მთლიანად მოექცეს. შესაბამისად სინამდვილეში არსებული მაკეტი ქმნის ოთახში ყოფნის ილუზიას რომელიც შეგვიძლია ვირტუალურ რეალობაში (VR) სრულყოფილად შევიგრძნოთ.