დავით ჩიხლაძე (დაბ. 1962) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში მისი ლექსები და კრიტიკული სტატიები 1981 წლიდან ქვეყნდება. თარგმნილი აქვს მრავალი ამერიკელი პოეტისა და თეორეტიკოსის ნაწარმოები. 80-იანი წლების შუა პერიოდიდან მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებსა და ინსტალაციებში, თეატრალურ პროექტებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 1989 წლიდან იბეჭდება უცხოეთის პერიოდიკაში. დავით ჩიხლაძის ლექსები შესულია მრავალ ანთოლოგიასა და კრებულში. 1989 წელს თბილისში დაარსა პირველი დამოუკიდებელი გალერეა “ალტერნატიული ხელოვნების გალერეა“, რომლის შესახებაც ვრცელი მიმოხილვა გამოქვეყნდა იმავე წელს ამერიკაში (Kim Levin, Connoisseur, 1989). 1994 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრს.
2002-2004 წლებში თანამშრომლობდა დღეს უკვე კარგად ცნობილ ნიუ-იორკის თეატრთან Repetti Chocolate Factory მისი ფორმირების საწყის ეტაპზე. 2002 წელს მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალში American Living Room ნიუ-იორკში. მისი, როგორც ვიდეოგრაფერის მონაწილეობით განხორციელდა დადგმები: Audit, Drowning Man და Fundamental, რომლებსაც ძალზე კარგი გამოხმაურება მოჰყვა ნიუ-იორკის თეატრალურ პრესაში. ("The nearly continuous video, a montage of fragments from every corner of the satellite dish, is by David Chikhladze and Nathan Thompson. All of these artists are to be commended for bringing this remarkable and provocative work to the stage". Martin Denton nytheatre.com 2002-03 Theatre Season Reviews; "The video design by Rogers and David Chikhladze is excellent". best of 2004: notable theater, film and performance in nyc. www.theater2k.com/Bestof_04_NYC.htm).
2006 წელს ნიუ-იორკის სითი უნივერსიტეტში (City University of New York) ინგლისურ და რუსულ ენაზე წარმოადგინა პროცესუალური ლექსების დაწერის ელექტრონული ლექსიკონის მეთოდი და ამ მეთოდით იქვე შექმნილი ორი ახალი ლექსი “მავზოლეუმი“ და „ორგაზმი“.